პირველი დღე
მე არც კი ვიცი, თუ გითხრა ქარმა, რომ დღეს ლექსების წერაში დამიღამდება...
არადა, უეჭველი იცის... დღეს მთელი დღე ჩემს სარკმელთან ტრიალებს, არ მომასვენა, არც გადამიყარა გულიდან შენზე ფიქრის საავდრო ღრუბლები და არც მზე მაღირსა... მთელი დღეა თავს დამტრიალებს... ბოლოს, წინ მიწყვია უთვალავჯერ დასველებულ-გამშრალი ფურცლები შენზე ფიქრისა... ჩემი ცრემლებით დასველებული და ჩემივე ცხელი სუნთქვით გამშრალი, სუნთქვით, რომელსაც შენ უნდა გაეთბე, ცრემლით, რომელსაც შენსკენ მომავალი უნდა გაეკვლია ბილიკი...
ფურცლებს ვატანდი და იუკადრისა... თვალს მარიდებს, თითქოს მეზობლის წყვილს უთვალთვალებს, არადა, ცალი თვალი აშკარაა, ჩემი სარკმლისკენ გამოურბის, თუ მივასწარი მზერა, რომ მიყურებს, გაზეთს აიფარებს თვალებზე, ორ ყლუპ ყავას მოპარავს მოპირდაპირე აივანზე მჯდარ წყვილს ჯაშუშუვუთ... ნეტავ თვითონ უნდოდა ჩემი თვალთვალი, თუ შენი მოგზავნილია?..
მეორე დღე
არ ვიცი, თუ გითხრა ქარმა, რომ დღეს ცოტა არ იყოს დააგვიანდა სათვალთვალო ადგილზე მოსვლა... ველოდი და რომ ვერ შევამჩნიე, გული დამწყდა... ცხელი აგვისტოს საღამოს ნიავივით სათუთია ქალის გული, ადვილად ერევა სითბოცა და სიცივეც... მერე, ის იყო და უიმედო სიყვარულზე ვაპირებდი წერის გაგრძელებას, გამოჩნდა, ჩვეული მიმიკით, უთქმელად რომ გაგრძნობინებს, რომ ძალიან აინტერესებ...
მაგრამ არც კი შუენიშნავს, ქუჩაში ჭრელა-ჭრულა კაბების შრიალსა და გაზეთების კითხვაში გართულს, მეტოქე რომ ედგა კვალში...
შემპირდა, ხვალ გაცნობებო პასუხს...
შენი საიდუმლო ქარი დღესაც გეტყოდა, რომ ისევ შენზე წერაში დამაღამდა...
მესამე დღე
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს... ვისმენდი, როგორ დაქროდა და ხმაურობდა ჩემს სარკმელთან ქარი... შენი იყო, თუ ჩემი ვერ გავარჩიე... დილით მივხვდი... ჩემი ქარი ყოფილა... ჩემი სარკმლის მინაზე დაუხატავს შენი სახე, ქუჩაში ნაპოვნი პაწაწინა ქვიშის ნამცეცებით... არ ვიცი, ეს მაინც თუ გითხრა შენმა ქარმა...
იცი რას ვაპირებ? (ამას კი უეჭველი გეტყოდა ქარი), სათუთად ამოვიღე მინა ჩარჩოებიდან, რათა ხელებში არ დამშლოდა შენი სახე, ახლა ხელში მიჭირავს და გეძებ, იქნებ სადმე შემხვდე, იქნებ გიცნო...
თუ სადმე შეამჩნიო ქუჩაში ქალი მინაზე ქვიშით დახატული შენი პორტრეტით, მომიახლოვდი, მინდა შევაფასო ხატვის თუ გაეგება რამე გამოცდილ, ნაქებ საიდუმლო ქარს...
მერე, შევუკვეთავ ალბათ შენი პორტრეტების მთელ გალერეას...
მაგრამ შენ თუ არ იქნები, მე მხოლოდ სენი სუნთქვაც მეყოფა...
ქარი თუ შემარჩენს...

Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen