სანიშნი

  წიგნის სანიშნი თუ ყოფილხართ ოდესმე? კი? თუ არა?
   დავიჯერო არასოდეს გისეირნიათ უგზო-უკვლოდ სხვათა აზრებში, წიგნების ავტორებისა თუ მათი მკითხველებისა? -- მე? რამდენჯერაც გენებოთ, აი, თქვენ კი ბევრი დაგიკარგავთ.
ისე არსად და არასდროს ავლენენ ადამიანები საკუთარ მეს, როგორც წიგნის კითხვისას, გნებავთ დროში, რასაც წიგნის კითხვას ანდოებენ, ან ჯდომის მანერაში, წიგნის ხელში ჭერის წესსში, თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნის სანიშნის შერჩევაშიც კი.
   რა არ მინახავს წიგნის სანიშნად: შევსებული ანგარიშის საფარშემოხეული ბარათი, ტანსაცმელს მოყოლილი ჭრელი იარლიყი, ჯერ ყველას რომ აჩვენებენ  ზედ ლამაზად გაფორმებულ ფირმის ნიშანს... არა?.. მაშ არასოდეს გაგიგონიათ შემდეგი სიტყვები: ,, მგონი მახსოვს სადაც შევინახე ჩემი განუმეორებელი პიჯაკის ეტიკეტი, ფასიც ზედვე ეწერა, აი, ისიც... წიგნს ვკითხულობდი და... ,, თქვენ რომ შეგხვდათ მაშინ პიჯაკის იყო ის იარლიყი, მეორე მეგობრისთვის შესაძლოა ქუდის იყოს, მესამესთვის -- შარვლის და ა.შ. და ასე, ყოველ ნაცნობთან შეხვედრაზე წიგნის კითხვას აწყვეტინებენ მაღალფასიანი ტანსაცმლის იარლიყს... არადა წაკითხულმა უკვე საკუთარ ბედზე ჩააფიქრა საბრალო...
   პირველ შემთხვევაც არანაკლებია: თანხის შესაბამისი ციფრი სატელეფონო ანგარიშის ბარათზე თუ ორნიშნაა და რაც შეიძლება მაღალია, მით მეტად სასიამოვნოა ამ სანიშნიანი წიგნის კითხვა მისი ჟანრის, ხარისხის, აქტუალობის და სხვა მრავალი ფაქტორის მიუხედავად... ორივე შემთხვევაში ორმაგ საქმეს აკეთებ: წიგნს კითხულობ, სანიშნიც ხომ კითხულობს?! თან კულტურულად ინახავ ვინმეზე თავის გადამეტების ფაქტებს...
   იმ კაცის ამბავიც გაგონილი გექნებათ, სანიშნს სარჩევში რომ ეძებდა. მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი (თქვენ ხომ არასდროს ყოფილხართ სანიშნი) და არ გავიცინებდი... სანიშნის ისტორიულ ბედსა და მნიშვნელობაზე სწორედ იმ კაცს უფიქრია პირველად და სამწუხაროდ გამომცემლებმა უქციეს კურიოზად, არადა ჯობდა წიგნის სარჩევში შეეტანათ სანიშნის მოთავსების ადგილის შესაძლო ვარიანტები და ახლა არც მე მომიწევდა თქვენთან ჩემი მნიშვნელობის მტკიცება. უფრო მეტიც, ადამიანები წიგნის კითხვის მანერას შეიმუშავებდნენ, ეცოდინებოდათ, სად უნდა შეჩერდნენ, დაფიქრდნენ, გაიაზრონ და საერთოდ მიხვდნენ, რისთვის კითხულობენ...
   იცით, უმეტესად რა შემთხვევში წყვეტენ ადამიანები კითხვას? თქვენ არა, მაგრამ მე შემიძლია წარმოგიდგინოთ სანიშნების საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, დამტკიცებული და ბეჭედდასმული, რომ ადამიანები ამ ბოლო დროს პერიოდულად არ წყვეტენ კითხვას (შესაბამისად არც სანიშნი სჭირდებათ), იმიტომ, რომ საერთოდ არ კითხულობენ. განაჩენი საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას ზემდგომ  ინსტანციებში!
   სანიშნების მაღაზიათა ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კი იუწყება, რომ ამ ბოლო პერიოდში მათ ქსელში გაწევრიანებული მაღაზიების მუშაობა საერთოდ შეჩერებულია, სატელეფონო ბარათების და და იარლიყიანი ტანსაცმლის მომხმარებელთა გამოკითხვამ კი დაადგინა, რომ ისინი მათ მოხმარებისთანავე ნაგვის ურნებში ათავსებენ. ანუ, შესაბამის სამსახურებს ერთადერთი დასკვნა გამოაქვთ. დასკვნას ორი უკიდურესობა აქვს: ან სანიშნების ხმარებას გადაეჩვივნენ ადამიანები ან საერთოდ არარ კითხულობენ.
   ისღა დამრჩენია, წიგნისა და სანიშნების გამომცემლებს მოვუწოდო, რომ მათ მიერ გამოცემულ პროდუქციას შემდეგი სიტყვები დააწერონ:
,, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ კითხვა არ ვნებს ადამიანთა ჯანმრთელობას,,
2009 წელი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen