არავინ და არაფერი

ჩემსავე მკერდში დამწყვდეული მხეცი თუ გამიტყუებს გარეთ, ჩემსავე საზღვრებს მიღმა... 
როგორ მაწვება, ხან ყელში ამოვა, მომიჭერს, დასახრჩობად მიმეტებს, ხანაც ტვინს ეპოტინება... მე კი, ვითომც და არც კი მესმოდეს მისი ხმა, არც კი მტკიოდეს... არადა აუტანელ მარწუხებდად იქცა ეს ტვინის ნერვები თუ გარე გარემოს ეკლიანი ჩარჩოები...
კივის ჩემი სული...
შველას ითხოვს... 
ის აუტანელი მხეციც მძიმედ დაჰკიდებია გონების ძაფებს, ხლართავს, ერთიმეორეში ურევს, კვანძავს, მერე უცაბედად ჭრის და ისაა მინდა გავექცე, ფრთა გავშალო, უსასრულობის უფსკრულის პირას, ფილტვებამდის ჩვუვარდე პირდაღებულ უბოლოობას, შეშინებული თვითმკვლელივით ვკონწიალობ კლდის ქიმზე, არც მაღლა მინდა, არც დაბლა მიშვებენ...
კივის ჩემი მე... 
მე კივის ჩემში... 
მე თავად არავინ და არაფერი...
გარეთ კი კარგი ამინდია... 
მზე უხვად აძელვს შავ მიწას თბილ, ნათელ სხივებს...
 გარეთ ყველა ღიმილია და თითქმის ყველა ღიმილი თბილია... 
თითქმის...
თუმც ყველა კარი ჩარაზულია... 
ყველა ეზოში ავი ძაღლია...
ყველა სახლში ერთი ქვაბი დუღს კერიას...
ყველა სულში ქარი ფანტავს ფოთლებს... 
ჩემი სული კი კივის...
მეეზოვეებმა ბოლო წვეთამდის დამიგავეს ჩემი ფოთლები...
ან ქარს მიჰყიდეს და აღებული ფულით მთელს ღამეს ღრეობდნენ მთვარის შუქზე...
მე სამათხოვროდ ხელგაშლილი დავეხეტები და ფოთლებს ვიხვეწები... დამეხმარეთ, დამიბრუნეთ ჩემი მოპარული ფოთლები... 
ბორგავს ჩემში ეს გიჟი მხეციც, ხელებს მიწვავს მისი სიმხურვალე...
სადმე, კართან წავაწყდები შინიდან გამოგდებულ ფოთოლს, ხელში ავიტაცებ, მინდა მოვეფერო, გულში ჩავიკრა. ის კი ისე მხურვალეა, ისე მწველი, შეხებისთანავე კვამლი ავარდება და კვამლს ცად მიაქვს ჩემი სულის კივილი...
რადგან კივის სული ჩემი...
დამიბრუნეთ ჩემი ფოთლები...

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen